არქიმანდრიტი ბართლომე - წარმოუდგენელია იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელიც ადამიანებს აწამებდა
არქიმანდრიტი ბართლომე - წარმოუდგენელია იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელიც ადამიანებს აწამებდა

ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი წარმოუდგენლად მიიჩნევს იმ ხელისუფლების დაბრუნებას, რომელიც მისი თქმით, ადამიანებს აწამებდა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

არქიმანდრიტი ბართლომე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის შედეგებს მთავრობის მიერ ხალხისადმი არასაკმარის ყურადღებას აბრალებს.

„ალბათ ეს ორი პარტია არასდროს ყოფილა ცალ-ცალკე, უბრალოდ პოლიტიკურ პროცესს ასე აწყობდა და გადანაწილდნენ. ესენი შეკრულები არიან, როგორც არის კარგად დაკერილი ცოცხი და ის არ იშლება ადვილად, თუ არ გაცვდა, ესენი თუ არ გაცვდნენ და ბოლომდე არ გამოჩნდნენ ვინ არიან, ეტყობა საზოგადოებას ცრუ მოლოდინები მაინც აქვს. პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები კი შეზღუდულია, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის გამოიყვანს ქუჩაში 100 000 კაცს და ფაქტობრივად თქვა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაშლის და საზოგადოებას დაუპირისპირდება ისევ არეულობით“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტის განცხადებით, იგი ამ პროცესებში მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და არა რომელიმე ჩინოვნიკს.

„სამწუხაროა, რომ როცა თანამდებობაზე მოვლენ, შემდგომ იწყებენ ადამიანებისკენ ზურგით დგომას, ამიტომაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიაში, რომ მთავრობის გაზულუქებული ნაწილი ჩარჩოში მოაქციოს. ამბობენ, სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდესო. მე თუ მივდივარ არჩევნებზე და ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვიხდი, ე.ი. პოლიტიკაში ვმონაწილეობ. თუ ვინმეს აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, პედაგოგი იქნება, ჟურნალისტი, ექიმი, სასულიერო პირსაც აქვს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.