არქეოლოგებმა სოფელ ძალისში სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა სოფელ ძალისში სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი აღმოაჩინეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, აკლდამის მიდამოებში ორ წლიანი დაზვერვების შედეგად მიკვლეულ უბანზე მიმდინარე სამუშაოებმა წელს უკვე ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო.

პროფესორ გოდერძი ნარიმანაშვილის ექსპედიციის მიერ, ძალისის კვლევა-ძიების პროცესის შედეგად, გამოვლენილია სამი სამარხი და დიდი არქიტექტურული კომპლექსი.

გათხრების მნიშვნელოვან აღმოჩენას მიეკუთვნება თიხის ბულა, რომელზეც სასანიანი შაჰი შაპურ IV-ა გამოსახული, ხოლო გამოსახულების გარშემო მოთავსებული არამეული წარწერა კი ამ ბულით დაბეჭდილ წერილობით გზავნილს ეკუთვნის, რომელიც დიდი ალბათობით, უშუალოდ შაჰის კანცელარიიდან იყო იბერიის სამეფოში გამოგზავნილი.

არქეოლოგების წინასწარი დასკვნის მიხედვით, დიდ არქიტექტურულ ნაგებობაში აღმოჩენილი ბულა, მინის ჭურჭელი, თიხის ჭურჭელი და კრამიტი არქეოლოგიურ კომპლექსს ჩვ. წელთაღრიცხვის III – IV სს. ათარიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილია გათხრილი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის გრანდიოზულ და მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს, რაზეც ნაგებობის კედლების ზომები და იქ აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებენ. მეცნიერები არ გამორიცხავენ, არქიტექტურული ნაგებობა სატაძრო კომპლექსს, ან მის ნაწილს წარმოადგენდეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოები ძალისას კომპლექსზე მომავალ წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებში არქეოლოგებს კიდევ მეტი ისტორიულ -კულტუროლოგიური ინფორმაციის მოპოვების იმედი აქვთ.

ძალისის ნაქალაქარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე მდებარეობს. ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების ხანების ნაქალაქარი გაშენებული ყოფილა მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით.

ნაქალაქარი იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (ძალისსა), რომელსაც ახალი წ. ა.II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი (ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαίος; ახ.წ. 87 – 165 წწ.) „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

1971-1995 წწ. ძალისასა და მის მიდამოებში არქეოლოგიურ სამუშაოებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებდა.