არმენ სარქისიანი - ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი სომხური მხარის მიდგომები და ხაზი გავუსვი, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე შეუძლებელია
არმენ სარქისიანი - ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი სომხური მხარის მიდგომები და ხაზი გავუსვი, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე შეუძლებელია

ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი სომხური მხარის მიდგომები და ხაზი გავუსვი, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტთან შეხვედრაზე შევეხეთ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს. განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ თურქეთის აქტიური და აშკარა მხარდაჭერა აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით. ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები და სპეციალურად ხაზი გავუსვი, რომ შეუძლებელია, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, სტაბილურობის უზრუნველყოფა არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანამთავმჯდომარეობის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ხაზი გავუსვი ომის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული და მძევლად მყოფი პირების სწრაფი გათავისუფლების საკითხს.

ასევე ყურადღება გავამახვილე აზერბაიჯანის მიერ ომის შემდეგ შექმნილი ვითარების ბოროტად გამოყენებაზე. ქსენოფობიის, ეროვნული ღირსების შელახვის, პოლიტიკის გატარების დაუშვებლობაზე, რაც ხელს არ უწყობს დიალოგის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. შეხვედრისას ასევე შევეხე აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების საკითხს, ამ ტერიტორიებზე სომხური ისტორიულ-კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

ამასთან, არმენ სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ეწვევა.

„ჩემი ბოლო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან შედგა 2019 წელს. როგორც ხედავთ, 2021 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მჯერა, ეს აქტიურობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, გავაქტიურდებით, ჩვენს ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზაობას, როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ჩემი წვლილი შევიტანო სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მუდმივი უწყვეტი გაფართოების საქმეში. იმედია, საქართველოს პრეზიდენტს ახლო მომავალში ვიხილავ სომხეთში“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი დღეს ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის პირველი ლედი ნუნე სარქისიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ემილ ტარასიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ ღალაჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი რუბენ სადოიანი, სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავიდ პაპაზიანი.