არმენ რუსტამიანი-სომხეთის პრემიერ-მინისტრს ეროვნული კრება აირჩევს და ამას ოპოზიციის მიტინგი ხელს ვერ შეუშლის
არმენ რუსტამიანი-სომხეთის პრემიერ-მინისტრს ეროვნული კრება აირჩევს და ამას ოპოზიციის მიტინგი ხელს ვერ შეუშლის

სომხეთის პრემიერ- მინისტრს ქვეყნის ეროვნული კრება აირჩევს და ამ პროცესს ხელს ოპოზიციის მიტინგი ვერ შეუშლის, – ეს განცხადება ფრაქცია „დაშნაკცუთუნის” ლიდერმა, არმენ რუსტამიანმა გააკეთა.

მისი თქმით, თუ აქციის მონაწილეები შეეცდებიან, ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას, პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს.

„ოპოზიციის ძალა იმაშია, რომ მუდმივად კანონის ფარგლებში მოქმედებს. ახლა ოპოზიცია თავისი ქმედებებით კანონის ფარგლებს ცდება. ეს ადრე თუ გვიან იმით დასრულდება, რომ  საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად მთავრობა თავის არსენალს გამოიყენებს”,-განაცხადა არმენ რუსტამიანმა.

შეგახსნებთ, 13 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის,  ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. ფაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ.

ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, აქცია არა მხოლოდ ერევანში, არამედ ქალაქ გიუმრიშიც მიმდინარეობს.