არმენ გევორგიანი – ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში რეალური პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მხარდაჭერა, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ისეთი პირობების შექმნას, სადაც დემოკრატიული დიალოგი განახლდება

20:13, 24.06.2026

საქართველოში არსებული ვითარება იმსახურებს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებასა და სერიოზულ განხილვას, ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილები დავრჩეთ, როდესაც ევროსაბჭოს რომელიმე წევრ სახელმწიფოში ჩნდება შეშფოთება დემოკრატიულ სტანდარტებთან, პოლიტიკურ პლურალიზმთან, კანონის უზენაესობასთან ან დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ამ ასამბლეას აქვს როგორც უფლება, ისე პასუხისმგებლობა, რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა, არმენ გევორგიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული ან უკანონო გამოყენება მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„საქართველოში ყველა ასეთი შემთხვევა ეფექტიანად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეებს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეიკისროს. ანგარიშვალდებულება ინსტიტუციური სისუსტის ნიშანი არ არის. პირიქით, ის დემოკრატიული სიმწიფის გამოვლინებაა. ამავე დროს, ჩვენი მიზანი მხოლოდ ხარვეზების გამოვლენა არ უნდა იყოს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიული პროგრესისთვის აუცილებელი პირობების შექმნას. ამ თვალსაზრისით, მივესალმები დაბალანსებულ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ გამოვხატავთ შეშფოთებასა და დაგმობას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროსაბჭოს შორის. ეს მნიშვნელოვანი გზაა პრობლემების გადასაჭრელად ისე, რომ არ გაღრმავდეს დაპირისპირება და წახალისდეს კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაბრუნება. ამასთან, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ შეშფოთების გამოხატვით არ მთავრდება“, – განაცხადა გევორგიანმა.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში რეალური პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მხარდაჭერა.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები დაპირისპირებით ვერ გადაიჭრება. მდგრადი გადაწყვეტილებები მოითხოვს კომუნიკაციას ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის. ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ისეთი პირობების შექმნას, სადაც დემოკრატიული დიალოგი განახლდება და საზოგადოების ნდობა თანდათან აღდგება. საქართველოს სჭირდება ნაკლები დაპირისპირება და მეტი დიალოგი. ევროსაბჭო უნდა დაეხმაროს ამ ამოცანის განხორციელებას. ძვირფასო კოლეგებო, როგორც რეგიონის წარმომადგენელი, ვიტყოდი, რომ ის, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, უფრო ფართო რეგიონული გამოწვევის ნაწილია. სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული განვითარება მზარდი ზეწოლის ქვეშაა. სამხრეთ კავკასია არ არის ერთმანეთისგან იზოლირებული დემოკრატიული ექსპერიმენტების ერთობლიობა. ის, რაც დღეს ერთ ქვეყანაში მისაღებად ითვლება, ხვალ შესაძლოა სხვაშიც ნორმად იქცეს. როდესაც ჩვენი ორგანიზაცია რეგიონში ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ კონკურენციაზე დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებსა და სადავო არჩევნებს შეეგუა, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც ახალ ნორმად გადაიქცა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რეალობას, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები ფორმალურად არსებობს, მაგრამ თავად დემოკრატია ქრება“, – განაცხადა გევორგიანმა.

მსგავსი