არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

არმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. მან პარლამენტის მანდატი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიით მიიღო.

„მე გადაწყვეტილებას ვიღებ ყოველთვის დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა პარტიის წევრი. არც ვყოფილვარ პარტიის წევრი, მაგრამ მე ვისურვებდი, „ევროპული საქართველოც“, „ნაციონალური მოძრაობაც“, ეს მძლავრი შენაკადები საერთო ოპოზიციური მოძრაობისა, ვიდგეთ ერთად, რათა წარსულის, მათ შორის ტრაგიკული შეცდომები აღარ განმეორდეს. ნიკა მელიას საკითხი გიორგი რურუასთან ერთად, არის ყველაზე პრიორიტეტული, რადგან შეუძლებელია, ვისაუბროთ ხვალინდელ თავისუფლებაზე, როცა თავისუფლება შეზღუდული აქვს ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“, რომლის სიითაც გავედი პარლამენტში, დღეს თუ არა ხვალ, გადატანითი მნიშვნელობით, შეუერთდება ამ ახალი ტალღის დაწყებას საქართველოს რეალობაში, რადგან ამას ალტერნატივა არ გააჩნია. ბრძოლის ეტაპი სრულდება და იწყება ახალი ეტაპი, რომლის გარანტიც არის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის კავშირი. მე არ მახსენდება შევარდნაძის დროიდან არასდროს არც ერთი ინტერესი საქართველოს მიმართ. ველოდები სრულ უფრო და უფრო მეტ ოპოზიციონერ დეპუტატს. მინდა, ხვალინდელი ოპოზიცია არ გრძნობდეს თავს ამ ამპლუაში, რომ არის მეორეხარისხოვანი, ხელისუფლების ორგანული ნაწილი, პასუხისმგებელი ყველაფერზე.“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.

ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

დატოვე კომენტარი