არმაზ ახვლედიანი - წყალს წაუღია პარლამენტის სკამი, თუ დაგაკარგვინებს ღირსებას
არმაზ ახვლედიანი - წყალს წაუღია პარლამენტის სკამი, თუ დაგაკარგვინებს ღირსებას

წყალს წაუღია პარლამენტის სკამი, თუ დაგაკარგვინებს ღირსებას, ღირსება არის სინდისის ხმა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა ბათუმში, წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო შეუქცევადად უნდა წავიდეს წინ, ევროპისკენ და „ევროპული საქართველო“ უალტერნატივო არჩევანია.

„ძვირფასო მეგობრებო, რას ნიშნავს ადამიანური მთავრობა, ადამიანური პარლამენტი? აი, მე თქვენი სახელი არ ვიცი, უნდა მაპატიოთ, ბევრის სახელი არ ვიცი, ჩვენ კი ვიცნობთ შორიდან ერთმანეთს, მაგრამ ერთი რამ არის. ცუდი რამ უნდა ვთქვა, მაპატიეთ, მაგრამ ვიტყვი – წყალს წაუღია პარლამენტის სკამი, წყალს წაუღია, ცოტა უფრო მძიმედ ვაპირებდი თქმას, თქვენ იცით სხვა რა ფორმაა კიდევ. იტყვიან ხოლმე – ჭირს წაუღია, თუკი დაგაკარგვინებს ღირსებას.

რა არის ეს ღირსება? ღირსება არის სინდისის ხმა, რომელიც რაც უნდა მტვერდადებული იყოს, მაინც შეგახსენებს თავს. ძვირფასო მეგობრებო, მე მჯერა, რომ ეს ხმა არა მარტო აქ შეკრებილთ, არამედ ათიათასობით ადამიანს ჩვენს საყვარელ ბათუმში და ასიათასობით ადამიანს მთელ საქართველოში, ქართველებს მთელ მსოფლიოში სულ რაღაც 23 დღეში ათქმევინებს, აფიქრებინებს და გადააწყვეტინებს, რომ საქართველო შეუქცევადად უნდა წავიდეს წინ, ევროპისკენ. „ევროპული საქართველო“ არის ერთადერთი არჩევანი ამ პატარა გოგონასიც, ჩემი, თქვენი და ყველასი. ეს არის უალტერნატივო არჩევანი. მე თქვენ გილოცავთ არჩევანს უალტერნატივო, ევროპული, ქართული სულის სასარგებლოდ. არჩევანს უალტერნატივო, ევროპული თანამშრომლობის, თანაცხოვრების და ცხოვრების წესის სასარგებლოდ, დაკარგული წესის სასარგებლოდ, ილიასეული საქართველოს სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კეთილ განზრახვაში შეგვეწევა ღმერთი, რადგან ის შეისმენს ადამიანთა მხურვალე სურვილს, ლოცვას. ჩვენი სურვილი კი საჩვენო არ არის, საქვეყნოა. რაღამც საქვეყნოა, ნიშნავს, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა“,-  განაცხადა არმაზ ახველდიანმა.