არმაზ ახვლედიანი – როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, არის სირცხვილი და დანაშაულიც

15:01, 08.04.2025

მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, ვემიჯნები მას, რადგან როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში, – ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, მათი უმრავლესობაც, ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებს გმირულად, სამაგალითოდ, ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს.

„ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან, რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ. რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებასა და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გავატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ამავდროულად, არმაზ ახვლედიანი აბობს, რომ დღეს ოპოზიცია იქცა განვითარების მუხრუჭად. მისივე შეფასებით, 31 მარტის აქცია ცუდად დაიგეგმა.

„რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, 31 მარტის აქცია საკმარისად ცუდად დაიგეგმა. ადამიანები მოვედით გულანთებულები. მე ვარ უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით და იმით, რაც შემდეგ მოხდა. ხომ დაანონსდა, რომ ხვალიდან ვიწყებთ? რა დაიწყეს და რა გააკეთეს? ჩავარდნა არის ქვეყნის შიგნით“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

გარდა ამისა, არმაზ ახვლედიანის თქმით, ივანიშვილი აუცილებლად დანიშნავს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ საკუთარი დღის წესრიგით. ახვლედიანის განცხადებით, ასე დანიშნულ არჩევნებში ოპოზიციამ, შესაძლოა, ფიასკო განიცადოს. მისივე განმარტებით, თუ საჭირო იქნება, ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში.

„აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილიც და სხვებიც აღმოჩნდნენ ე.წ. სატელიტ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებში. რა პრობლემაა, ეტყვის ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებს ნებისმიერი კონფიგურაციით ახალ სატელიტ ოპოზიციას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანის აზრით, ადგილობრივ არჩევნებამდე ყველა საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნება პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენელი.

„ივანიშვილს სჭირდება არა უბრალოდ ყურმოჭრილი მონები, არამედ მას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მზად იქნება და იძალადებს ოპონენტებზე“, – აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

მსგავსი