არმაზ ახვლედიანი 22 დეკემბრის თანხმობის დღედ გამოცხადებას ითხოვს 
არმაზ ახვლედიანი 22 დეკემბრის თანხმობის დღედ გამოცხადებას ითხოვს 

ყველას გვქონდა, გვაქვს და გვექნება ჩავარდნები, უბედურება ის არის, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთის გათვალისწინება, იქნებ ავიტანოთ ერთმანეთი საქართველოსთვის და 22 დეკემბერი თანხმობის დღედ გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა ამ მხრივ ძალიან კეთილშობილურია და აღნიშნა, რომ ინიციატივის განხორციელების სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზების ხარისხი ისეთი დრამატულია, ისეთი უფსკრულია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომ თუ ამას არაფერი ეშველება, საქართველოს პარლამენტს დატოვებს.

„საქართველოს ირგვლივ საგარეო პოლიტიკური ვითარება ისეთი დრამატულია, იმდენად სახიფათოა ის განზრახვა რაც აქვს რუსეთის ფედერაციას ჩვენ მიმართ, უკრაინის მიმართ, რომ ვფიქრობ, არც ერთი სხვა საკითხი არ შეიძლება იყოს ამაზე აქტუალური. მეორე მხრივ, პოლარიზების ხარისხი საქართველოში ისეთი დრამატულია, ისეთი უფსკრულია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომ თუ ახლა, ამას არ ვუწამლეთ, ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი გვიანი იყოს. თუ ეს ვერ მოხერხდა, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. არ მგონია, რომ აზრი ჰქონდეს აქ საქმის გაგრძელებას, თუ  ვერ შევთანხმდებით მთავარ საკითხზე, რომ ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის ყოფნა ხელისუფლებაში იყოს არა ჩვენი გადასაწყვეტი, არამედ საზოგადოების, ოღონდ სამართლიანი პროცედურებით. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ არ დაგვემართებოდა 1991 წელს 22 დეკემბერი. ეს სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. რა, ვინმე იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა ჩავარდნები? არა, ღმერთი არავინ არ არის. ყველას გვქონდა, გვაქვს და გვექნება ჩავარდნები. უბრალოდ, უბედურება ის არის, რომ არ ვაცლით ერთმანეთს, არ შეგვიძლია ერთმანეთის გათვალისწინება. რა გავაკეთოთ. იქნებ სწორედ 22 დეკემბრისთვის, ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ იქნებ ამ დღეს მაინც მოვახერხოთ და შევთანხმდეთ მთავარზე. როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი, როგორც ვერ უნდა ვიტანდეთ ერთმანეთს, ავიტანოთ ერთმანეთი საქართველოსთვის და 22 დეკემბერი თანხმობის დღედ გამოვაცხადოთ.

ამ კონტექსტში პრეზიდენტის ინიციატივა არის ძალიან კეთილშობილური. არ შეიძლება, აქ ვთქვა რამე სხვა. მე ვერ ვხედავ ალტერნატივას, თუ არა ამ ინიციატივის განხორციელება. ნუ დავიწყებთ წარსულის ქექვას, რადგან ეს ვერასდროს მიგვიყვანს თანხმობამდე. ჩავთვალოთ, რომ ყველას ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გაუკეთებია ძალიან ბევრი საქართველოსთვის.

ნოდარ დუმბაძეს აქვს ფანტასტიურად ნათქვამი – იქნებ იმ კუთხით შევხედოთ ადამიანს, საიდანაც უკეთ იმზირება. თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია, შეხედო და დაინახო, თუ არ გაქვს, ვერ დაინახავ და თანხმობა არასდროს შედგება. მე მოგიწოდებთ, მაგრამ მზად ვარ, დავიწყო ჩემი თავიდან, რომ არ იყოს ეს ჰაერში ნათქვამი, დავასრულოთ ენა, რომელიც გვყოფს. შევძლოთ შეთანხმება, თუ დღეს არა, ერთმანეთის ხათრით, საქართველოს ხათრით მაინც“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე განაცხადა: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.