არგენტინული საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს მატჩის წინ ვიაგრას დაალევინებს
არგენტინის ქალაქ სანტა ფეს საფეხბურთო კლუბი უნიონი სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, კოპა სუდამერიკანას პირველ ეტაპზე ეკვადორის ინდეპენდიენტეს ხვდება.
როგორც ცნობილია, ეკვადორი მაღალმთიანი ქვეყანაა და იმისათვის, რომ ზღვის დონიდან თითქმის 3 000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სტადიონზე თამაშისას ფეხბურთელებს პრობლემები არ შეექმნათ, არგენტინელთა ხელმძღვანელობამ ორიგინალურ მეთოდს მიმართა: უნიონის მოთამაშეები მატჩის წინ სილდენაფილს მიიღებენ – მედიკამენტს, რომელიც უფრო ცნობილია სახელწოდებით ვიაგრა.
სიმაღლესთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეკვადორსა და ბოლივიაში ბევრ ძლიერ გუნდს განუცდია მარცხი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაფიქსირდა, როდესაც არგენტინის ნაკრებმა ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში (3 600 მეტრი ზღვის დონიდან) მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 1-6 წააგო.
„პრობლემები ასეთ სიმაღლეებზე ფეხბურთელებს ორი მიზეზის გამო უჩნდებათ“, – ამბობს უნიონის ექიმი სანტიაგო კალვო, – „ერთის მხრივ, ეს არის ჟანგბადის ნაკლებობა და ამისთვის ჩვენ სპეციალური ბალონები უკვე მოვამზადეთ, რომლებსაც მატჩის წინ და შესვენებისას გამოვიყენებთ. მეორეს მხრივ კი ეს არის ატმოსფერული წნევა, რის გამოც ფილტვების გარშემო არტერიები ვიწროვდება. სწორედ აქ დაგვეხმარება ვიაგრა, რომელიც ფილტვების გარშემო სისხლძარღვებს აფართოვებს“.
კალვომ ისიც დაამატა, რომ ფეხბურთელებს ამ მედიკამენტის დალევას არ დაავალდებულებენ, თუმცა ვიაგრა აკრძალული პრეპარატი არ არის.
პირველი მატჩი, რომელიც არგენტინაში გაიმართა, უნიონმა 2-0 მოიგო.