არგენტინის ქალაქ ეგზალტასიონ დე ლა კრუზში წყალდიდობას ებრძვიან, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
არგენტინის ქალაქ ეგზალტასიონ დე ლა კრუზში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ამის შესახებ „როიტერი” წერს.
არგენტინის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ბუენოს აირესის ჩრდილოეთ პროვინციისთვის გაფრთხილების წითელი დონე გამოაცხადა.
სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, „ასეთი წვიმა წლების განმავლობაში არ ყოფილა“.
ბუენოს აირესის პროვინციის გუბერნატორმა, აქსელ კიჩილოფმა გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რაც, მისი თქმით, გამოწვეული იქნება გადაუღებელი წვიმებითა და მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურით და მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოგზაურობისგან.
როგორც „როიტერი“ წერს, წყალდიდობა არგენტინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთავარ ექსპორტიორ რეგიონს დაატყდა და მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს დამატებით შეფერხებებს სოიოს მოსავლის აღებაში.
არგენტინა არის სოიოს ფქვილისა და ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში, ასევე სიმინდის მესამე უდიდესი ექსპორტიორი და ხორბლის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი.