არგენტინის პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს „სამარცხვინო დიქტატორი“ უწოდა
არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს „სამარცხვინო დიქტატორი“ უწოდა.
ეს განცხადება მან მადრიდში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გააჟღერა.
„ბოლო წლებში ესპანეთმა ასობით ათასი არგენტინელი მიიღო, რომლებიც გაჭირვებასა და უიმედო მომავალს გაექცნენ, რაც „21-ე საუკუნის სოციალიზმის ავბედითი შედეგია“. ამ იდეოლოგიის არგენტინულ განშტოებას „კირშნერიზმი“ ეწოდება; თქვენ კი მას მუდმივად განიცდით სამარცხვინო დიქტატორის, პედრო სანჩესის მმართველობის პირობებში“, – აღნიშნა არგენტინის პრეზიდენტმა.
როდესაც მას ჰკითხეს ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, არგენტინელთა 66 პროცენტს ხელფასი თვის ბოლომდე არ ჰყოფნის, მილეიმ მონაცემები უარყო და მათ „ემოციური“ სლოგანი უწოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მადრიდში არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის ირონიული მისალმება მიუძღვნა; მან სიამაყით მიიღო ტერმინი „მემარცხენე“ – სიტყვა, რომელსაც მილეი ხშირად იყენებს პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხყოფისთვის.
„გამარჯობა, მილეი. მემარცხენეები გესალმებიან ესპანეთში – ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყანაში“, – ეწერა დიდ ბანერზე, რომელიც მადრიდში, სანჩესის „სოციალისტური პარტიის“ შტაბ-ბინის წინ იყო გამოფენილი.
სანჩესმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც გამოეხმაურა მილეის მიერ ესპანური სიტყვის – „zurdo“-ს (მემარცხენე) დამამცირებელ კონტექსტში მუდმივ გამოყენებას.
„არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ „მემარცხენეებად“ მოხსენიებით შეურაცხყოფას გვაყენებენ. თუ პენსიების ზრდა, მინიმალური ხელფასის ყოველწლიური მატება, მშობლებისთვის შვილებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობის მიცემა, აბორტის უფლების დაცვა და ომის წინააღმდეგ გამოსვლა ადამიანს „მემარცხენედ“ აქცევს, მაშინ უნდა იამაყოს, რომ სწორედ ასეთია. ასე რომ, დიახ, მე მემარცხენე ვარ და ამით ვამაყობ“, – აღნიშნა სანჩესმა.