არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩენილი 389 კგ კოკაინი გაანადგურეს
არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩენილი 389 კგ კოკაინი გაანადგურეს

არგენტინაში რუსეთის საელჩოში აღმოჩენილი 389 კილოგრამი კოკაინი დაწვეს. ნარკოტიკი კრემატორიუმში არგენტინის უსაფრთხოების მინისტრის, პატრისია ბულრიჩისა და რუსეთის ელჩის, დიმიტრი ფეოქტისტოვის თანდასწრებით დაწვეს.

ბულრიჩის თქმით, კოკაინის განადგურება არგენტინული და რუსული სპეცსამსახურების ოპერაციის ფინალური ეტაპი გახდა. არგენტინის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ნარკოტიკის საერთო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენდა.

ბუენოს-აირესში, რუსეთის საელჩოში 400-მდე კილოგრამი კოკაინის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არგენტინულმა მედიამ თებერვალში გაავრცელა.

გავრცელებული ცნობით, 12 ჩანთაში მოთავსებული ნარკოტიკი რუსეთის საელჩოსთან არსებული სკოლის შენობაში აღმოაჩინეს. არგენტინის მთავრობის განცხადებით, სპეცსამსახურებმა მოსკოვში ნარკოტიკის ტრანსპორტირების აღკვეთა შეძლეს. „კოკაინის საქმეზე“ სულ ექვსი ადამიანი დააკავეს.

ივლისში გერმანიიდან რუსეთში განხორცილდა მთავარი ეჭვმიტანილის, ანდრეი კოვალჩუკის ექსტრადირება, რომელსაც გამოძიება დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორად მიიჩნევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტვირთი საელჩოს ტექნიკური განყოფილების თანამშრომელს ეკუთვნოდა. თუმცა მოგვიანებით, ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვალჩუკი შესაძლოა, რუსეთის საგარეო უწყების უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო.