ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სხეულის ეკზგუმაცია და მავზოლეუმში მოთავსება იგეგმება. ბალზამირების სურვილის შესახებ მარადონამ წერილში დაწერა, რომელიც ადვოკატს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „სანი“ წერს.
„ღრმა ანალიზით იმ დასკვნამდე მივედი, რომ მაქვს სურვილი – სიკვდილის შემდეგ ჩემი სხეულის ბალზამირება მოხდეს და გამოიფინოს მითითებულ მუზეუმში ჩემს პრიზებთან და პირად ნივთებთან ერთად. მინდა ხალხმა ამ ადგილიდან გააგრძელოს სიყვარულის მიღება“, – წერია წერილში.
ადვოკატმა მარია ბოდრიმ იდეა განმარტა.
„იგეგმება სადმე მავზოლეუმის შექმნა, რათა გულშემატკივრებმა მისი მონახულება შეძლონ. ეს ის არის, რასაც მარადონა თავის ძმებთან განიხილავდა. წინადადება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სერიოზული და კონკრეტულია, მაგრამ, საბოლოოდ, ეს იქნება ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ადვოკატმა.
დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.