არგენტინამ ნიგერიასთან წააგო
არგენტინამ ნიგერიასთან წააგო

არგენტინის ნაკრებმა რუსეთში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რუსეთის 1:0 დამარცხების შემდეგ, ამჯერად, ხორხე სამპაოლის გუნდი კრასნოდარში ნიგერიის ნაკრებს შეხვდა და 2:4 დამარცხდა.

არგენტინელებს აკლდათ ლიონელ მესი, რომელმაც დასვენების საშუალება მიიღო. მის გარეშეც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კარგად დაიწყო და 36-ე წუთისთვის ორი ბურთით დაწინაურდა: გოლები გაიტანეს ევერ ბანეგამ და სერხიო აგუერომ. თუმცა, პირველივე ტაიმში “ლესტერის” ფეხბურთელმა კელეჩი იჰეანაჩომ ერთი ბურთი გაქვითა.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრებს ჰქონდა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, ნიგერიამ მეორე ტაიმის სტარტზე შეძლო დაწინაურება – იჰეანაჩომ ორი წუთის ინტერვალით ორი საგოლე პასი შეასრულა და ივობისა და იდოვუს გაატანინა.

აფრიკელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და “არსენალის” ფორვარდმა ივობიმ 73-ე წუთზე დუბლი შეასრულა – 4:2. ეს აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიში.

მეორე ტაიმში არგენტინამ ერთადერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ნიგერიამ კი სამჯერ დაარტყა და სამივეჯერ გაიტანა.
არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
მარკეზინი – მასკერანო, პეცეია (80. ინსუა), ოტამენდი – პავონი (პეროტი, 77), ბანეგა, პერესი, ლო სელსო (გომესი, 58), დი მარია (რიგონი, 77) – დიბალა (ბელუში, 63) – აგურო (ბენედეტო, 46).