სიდნეიში მიმდინარე „სამი ერის“ შეხვედრაში არგენტინამ ახალი ზელანდია ისტორიაში პირველად, ანგარიშით 25: 15 დაამარცხა. სამხრეთ ამერიკელებს მატჩში მოპოვებული 25-ივე ქულა მგეზავმა ნიკოლა სანჩესმა მოუტანა, რომელმაც თავისივე დადებულ ლელოს გარდასახვა მიაყოლა და ექვსი ჯარიმა დაარტყა ზუსტად.
13 ქულიანი სხვაობით წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ, „ოლ ბლექსი“ მეორე ტაიმში დომინირებდა და თამაშში დაბრუნება სეიმ ქეინის მიერ 53-ე წუთზე დადებული ლელოთი სცადა. ნიკოლა სანჩესმა 49-ე და 58-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა დაუტოვა. „პუმებმა“ მატჩის დასკვნით მონაკვეთში ლელოს ხაზი კარგად დაიცვეს, ხოლო 77-ე წუთზე სანჩესმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. 32 წლის მგეზავმა შესანიშნავი შორეული საჯარიმო დარტყმა გაიტანა და მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე არგენტინა 15 ქულით დაწინაურდა. ახალ ზელანდიას ერთი შედეგიანი იერიში მატჩის მოსაგებად არ ჰყოფნიდა, შესაბამისად, ქეილებ კლარქის მიერ 80+2-ე წუთზე დადებულმა ლელომ მხოლოდ ანგარიშში სხვაობა შეცვალა და საბოლოო შედეგი – არგენტინა 25:15 ახალი ზელანდია დააფიქსირა.
გუნდები ერთმანეთს პირველად 1985 წელს დაუპირისპირდნენ და სამხრეთ ამერიკელებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დასამარცხებლად 30 მატჩი დასჭირდათ.
ახალ ზელანდიას ზედიზედ ორჯერ 2011 წლის აგვისტოს შემდეგ არ წაუგია. შეგახსენებთ, რომ „სამი ერის“ წინა ტურში ავსტრალიამ „ოლ ბლექსი“ დრამატულ მატჩში, ანგარიშით 24:22 დაამარცხა.