არგენტინა-ნიგერიის მატჩის შემდეგ, დიეგო მარადონა კლინიკაში გადაიყვანეს [ვიდეო]

არგენტინა-ნიგერიის მატჩის შემდეგ, დიეგო მარადონა კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, 57 წლის ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა. თანმხლებმა პირებმა შეძლეს, ფეხბურთელს მაშინ მიშველებოდნენ, ვიდრე გონებას დაკარგავდა და სკამზე დაეცემოდა.

როგორც უცხოური მედია წერს, რუსმა ექიმებმა მარადონას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და შემდეგ პროფილაქტიკური კვლევების მიზნით, ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს.

არგენტინა-ნიგერიის მატჩი არგენტინის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. თამაშის მოგება არგენტინელმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით შეძლეს და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

კლინიკაში დიეგო მარადონას გადაყვანის შესახებ ინფორმაცია „ESPN“-ის ჟურნალისტმა დიეგო კორამაც გაავრცელა და ფოტო „ტვიტერზე“ ატვირთა.