არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს

19:23, 05.02.2025

არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანუელ ადორნიმ განაცხადა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნული გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და არგენტინის მთავრობას შორის აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.

„არგენტინელები არ დაუშვებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, მით უმეტეს, ჩვენს ჯანმრთელობაში“, – აღნიშნა ადორნიმ.

მისი განცხადებით, არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან არ იღებს დაფინანსებას ჯანდაცვის სფეროსთვის, შესაბამისად, ეს ნაბიჯი არ გულისხმობს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას.

„ეს არ აისახება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე“, – განაცხადა არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის პრესსპიკერმა. ადრონის თქმით, არგენტინა ასევე განიხილავს პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლას.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მან ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ინაუგურაციის დღეს მოაწერა ხელი.

მსგავსი