არჩილ თალაკვაძე - საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ლავროვს დახვდება პროტესტი და ჩვენი სახელისუფლო გუნდის ძალიან პრინციპული განცხადებები
არჩილ თალაკვაძე - საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ლავროვს დახვდება პროტესტი და ჩვენი სახელისუფლო გუნდის ძალიან პრინციპული განცხადებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში ჩამოვა, მას დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ რუსეთის ფედერაციამ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, უცხო ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას.

„სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე ნამდვილად ვერ გეტყვით, სად ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაც ტრადიციულად თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება თავმჯდომარე ქვეყნების მიერ, ის ღონისძიებები ჩავატაროთ საქართველოში, მათ შორის არის მინისტერიალი. ჩამოვა თუ არა ამ შეხვედრაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოში დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეების, სადაც ჩვენი მოქალაქეთა უფლებები მძიმედ ირღვეოდა, მკვლელობები, გატაცებები, უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული განცხადებები ჩვენი სახელისუფლო გუნდის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ვალდებულია, უმასპინძლოს ღონისიძიებებს.

„საზღვრის მართვაზე პასუხისმგებელია კონკრეტული უწყება და როდესაც ეს მომენტი იქნება, მიიღებს სახელმწიფო ინსტიტუტი შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და საქართველო ვალდებულია უმასპინძლოს იმ ღონისიძიებებს, რაც თავმჯდომარეობის დროს ყველა ქვეყნის ვალდებულებაა, რაც საფრანგეთის ვალდებულებაც იყო წინა პერიოდში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.