არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მმართველ გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა საბოლოოდ კენჭი რეზოლუციის საერთო პროექტს უყაროს.

არსებობს რეზოლუციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტი. პირველი, რომლის ავტორიც საპარლამენტო უმრავლესობაა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობას, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთის ფედერაციას აკისრებს. მომხდარზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების დაშვების მოთხოვნას გულისხმობს.

რეზოლუციის მეორე პროექტი, კი რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ შეიმუშავა, ე.წ. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის შედგენას გულისხმობს.

ინიციატივის თანახმად, სიაში არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებში დამნაშავე პირები უნდა მოხვდნენ და მათზე სანქციები დაწესდეს.

უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კონსულტაციების შედეგად შესაძლოა, ამ ორი პროექტის ერთ დოკუმენტად გაერთიანება. არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება დღესვე შედგეს. ასეთ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში ერთი ახალი რეზოლუციის ინიცირება მოხდება, რომელსაც შემდგომ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.