არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის თხოვნით, კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ცენტრი „ემპათია“ ჩაატარებს
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის თხოვნით, კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ცენტრი „ემპათია“ ჩაატარებს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის თხოვნით, კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ჩაატარებს, – ამის შესახებ პირველ არხს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრ „ემპათიას” დირექტორ მარიამ ჯიშკარიანთან და იურისტსთან შეხვედრა უკვე შედგა.

„ჩვენ თანამშრომლობის სამომავლო სტრატეგია დავგეგმეთ. არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისურ ექსპერტიზას ჩვენი თხოვნით ცენტრი „ემპათია” ჩაატარებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ძალიან წაგვადგება“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

ამასთან, ადვოკატი საგამოძიებო ორგანოებს სთხოვს, ცენტრი „ემპათია“ ყველა იმ საჭირო მასალით უზრუნველყოს, რომელიც ექსპერტიზის დროულად და ეფექტიანად ჩატარებაში დაეხმარება.

„ამ ეტაპისთვის, კომისიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საგამოძიებო ორგანოდან მასალები გვჭირდება. ექსპერტიზის მიზანი იქნება ის, რომ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით შეაფასოს, წამების ფაქტი და შესაბამისად, გარდაცვალების მიზეზი დაადგინოს. აღნიშნული კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა ჩვენი ინდივიდუალური, კერძო ექსპერტიზაა“, – განაცხადა ავალიანმა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.

ამასთან, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.