არჩილ ტატუნაშვილის მამის განცხადებით, აქციების გამართვა ამ ეტაპზე აღარ იგეგმება
არჩილ ტატუნაშვილის მამის განცხადებით, აქციების გამართვა ამ ეტაპზე აღარ იგეგმება

არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით აქციების გამართვა ამ ეტაპზე აღარ იგეგმება. ამის შესახებ გიორგი ტატუნაშვილმა პირველ არხს წილკანში, შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

გიორგი ტატუნაშვილის თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ ცხედარს გადმოსცემენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითქმის ყველა უწყება მუშაობს. არის დაპირებები ოსების მხრიდან, რომ ჩემი შვილის ცხედარს გადმოგვცემენ. ზუსტ თარიღს არ ასახელებენ. ძვრები, წინსვლა შეინიშნება ამ საქმეში.

ვხედავ, რომ მუშაობენ და ვაცდი. თუ ცხედრის გადმოსვენება უახლოეს მომავალში არ მოხდება, ალბათ, ისევ დადგება დღის წესრიგში აქციების გამართვის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

ოკუპანტების მიერ 22 თებერვალს დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები გახდება ცნობილი.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 

მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.  გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებოდნენ ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს 28 თებერვლამდე შეწყვეტდნენ.