არჩილ ტატუნაშვილის მამა დღეს პროკურატურაშია დაბარებული
არჩილ ტატუნაშვილის მამა დღეს პროკურატურაშია დაბარებული

არჩილ ტატუნაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი დღეს, 11:00 საათზე მცხეთის პროკურატურაში არიან დაბარებული, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა დაუდასტურა.

„ველოდებით ახალ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. არჩილ ტატუნაშვილის მამას აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზები, დაზიანებების ხარისხი და სხვა.

ოჯახმა მიმართა გამოძიებას და მოვითხოვეთ საგამოძიებო მასალებზე წვდომა. გვინდა, გავეცნოთ იმ მასალებს და გვსურს, ვიცოდეთ, რას გეგმავენ და რა ღონისძიებები ტარდება. შესაძლებელია, რომ იყოს ობიექტური გარემოებები, ეს ოჯახს ძალიან კარგად ესმის, თუმცა საქართველოს მთავრობამ ყველა ძალისხმევა უნდა გაიღოს, ყველა რესურსი და მექანიზმი გამოიყენოს“, – განაცხადა პირველ არხთან საუბარში თამარ ავალიანმა.

ავალიანი ამბობს, რომ ოჯახი დროულ და ეფექტიან გამოძიებას ელოდება.

„ველოდებით დამნაშავეების იდენტიფიცირებას და დასჯას. ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი იცოდეს. სახელმწიფომ თავისი მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს“, – აღნიშნა თამარ ავალიანმა.