არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან შესაძლოა, დღეს გადმოასვენონ
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან შესაძლოა, დღეს გადმოასვენონ

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა.

ოჯახის წევრებს არ სჯერათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც, არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუხანათურად მოკლეს ჩვენ თანამემამულე. მშვიდობიანი აქცია ჩავატარეთ, რომ ჩვენი თანამემამულის ნეშტი გადმოგვცენ. კვირას ველოდებოდით, მაგრამ არ მოხერხდა, იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შაბათ-კვირას ისვენებენ თურმე. ახალგორში ამბობენ, ვითომ ტერაქტის მოწყობას აპირებდა და მაგის გამო იყო ლიკვიდირებული. ის ორი წლის განმავლობაში გადადიოდა და ვაჭრობდა ხოლმე ახალგორში. მანქანა ყავდა დაქირავებული. ახლაც იმ მანქანას გადაჰყვა. არ გვჯერა ინფორმაციის, რომ კიბიდან დაგორდა. უბრალოდ ხუთი-ათი კაციც ვერაფერს უზამდა. თვითონ კიდევ კიბეზე ვერ დაგორდებოდა. ის არის ნაწამები და მოკლული“, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის ნათესავმა.

მისი თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირიც ვერ ახერხებს ახალგორიდან გადმოსვლას, ვინაიდან მათ საბუთები აქვთ ჩამორთმეული და სატელეფონო კონტაქტიც შეუძლებელია.

როგორც არჩილ ტატუნაშვილის ნათესავმა აღნიშნა, ის ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხის გასარკვევად ახალგორში გადასვლას აპირებს. სწორედ ამიტომ ჟურნალისტებს სთხოვა, მისი ვინაობა არ დაესახელებინათ.

22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.