არჩილ თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს.

არჩილ თალაკვაძე საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პარტნიორობის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას დაესწრო და შეერთებულ შტატებში სასწავლებლად მყოფ ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის ფარგლებში ნიჭიერი მოზარდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კოსმოსური სააგენტო „ნასას“ (NASA) სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარეს შთაბეჭდილებები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს.

ასევე, გრძელდება შეხვედრები შეერთებული შტატების კონგრესში. არჩილ თალაკვაძეს დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა დევიდ პრაისმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის ახალ სპიკერს ვუმასპინძლეთ და მისი უკეთ გაცნობის საშუალება მოგვეცა. დარწმუნებულები ვართ, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები მომდევნო წლებში, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კარგ მეგობრად დარჩება, გააგრძელებს ჩვენს ქვეყანასა და დასავლეთთან თანამშრომლობას და საპარლამენტო დემოკრატიათა ევროპულ ოჯახს შეუერთდება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დევიდ პრაისმა.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძემ სენატორებთან, რონ ჯონსონთან და როჯერ ვიკერთან, ასევე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან გამართა შეხვედრა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.