არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციურ გეგმებს რეფორმების განხორციელებისა და განვითარების კუთხით, ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების წინაშე ეს პასუხისმგებლობა, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ისევე, როგორც უკრაინამ გააკეთა ეს საქართველოსთვის ყველაზე რთულ დროს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ ერს დამოუკიდებლობის დღე უკრაინულ ენაზე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებულ გამორჩეულ მეგობრობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვტკივა უკრაინის სატკივარი და გვახარებს მისი წარმატება. ღირებულებები, მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, ჩვენი იმედები და მიზნები უკეთეს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არის ის, რაც გვაერთიანებს. ახლა უკრაინა დგას ისტორიულ ეტაპზე, როდესაც მან უნდა ააშენოს საკუთარი მომავალი და ჩვენ, როგორც მეგობრებს, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ ისევე, როგორც უკრაინამ გააკეთა ეს საქართველოსთვის ყველაზე რთულ დროს და ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს. დაე მომავალმა წლებმა ჩვენს ერთგულ მეგობრებს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს! გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს!“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.