არჩილ თალაკვაძემ თაკო ჩარკვიანს მიმართა - თქვენ დააანონსეთ ლეიბების რევოლუცია, მინდა, დაგამშვიდოთ, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ლეიბებზე შეზღუდვები არ არის დაგეგმილი
არჩილ თალაკვაძემ თაკო ჩარკვიანს მიმართა - თქვენ დააანონსეთ ლეიბების რევოლუცია, მინდა, დაგამშვიდოთ, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ლეიბებზე შეზღუდვები არ არის დაგეგმილი

მინდა, თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვა არ არის დაგეგმილი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „კანონისა და სამართლის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს პარლამენტში, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

„მინდა, თამარ ჩარკვიანი დავამშვიდო. ქალბატონო თამარ, თქვენ რაც დააანონსეთ, ეს იყო ლეიბების რევოლუცია და მინდა, დაგამშვიდოთ, რომ ამ კანონში ლეიბებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვა არ არის დაგეგმილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

„კარვების საკითხს რაც შეეხება, ჯერ ერთი, თქვენ თუ პოლიტიკაში რამე გამოცდილება გაქვთ და ბრძოლა შეგიძლიათ რამე ღირებულებისთვის, უნდა იცოდეთ, რომ კარავს არცერთი საპროტესტო აქციისთვის ამ ქვეყანაში, და ალბათ არც სხვაგან, არ მოუტანია რაიმე გადამწყვეტი შედეგი. მაგრამ პირიქით, ბევრჯერ გამხდარა პრობლემა, საფრთხე და რისკი. მათ შორის, თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ჩვენთვის ბევრჯერ გამხდარა პრობლემა ცარიელი კარავიო. კი, ეგრე იყო. რომ გაშლიდით ხოლმე კარვებს და შემდეგ მიზეზი აღარ გქონდათ, როგორ წაგეღოთ სახლში. ცარიელი კარვები იდგა თვეების განმავლობაში, ბევრჯერ ყოფილა ეგ და ისიც ვიცი, გულში ამ კანონზე რასაც ფიქრობთ. არანაირი არსებითი გავლენა ამ შეზღუდვას, რომელიც კონკრეტულად უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას, არ აქვს საპროტესტო, პოლიტიკური თუ რაიმე ტიპის აქციების შედეგებზე, მათ მშვიდობიან მიმდინარეობაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.