არჩილ თალაკვაძემ სერგი კაპანაძეს მიმართა - ძალიან სასაცილოა თქვენი მხრიდან საუბარი, რომ როგორც წესი, ჩვენ ჩავაგდებთ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს
არჩილ თალაკვაძემ სერგი კაპანაძეს მიმართა - ძალიან სასაცილოა თქვენი მხრიდან საუბარი, რომ როგორც წესი, ჩვენ ჩავაგდებთ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიასა და ვახტანგ ხმალაძის ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

კაპანაძის თქმით, საკითხი, რომელიც არჩევნებს ეხება, არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე უნდა იყოს მიღებული.

კაპანაძე ამბობს, რომ ყველა არგუმენტი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

„რადგანაც იწურება ეს სესია და თეორიულად რომ დავუშვათ, შემდეგ სესიაზე შეიძლება მოხდეს მიღება, უბრალოდ დაგვიანებული იქნება. ახლა განვიხილოთ დაჩქარებული წესით. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. ვფიქრობ, საღი აზრია, რომ საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე უნდა იქნას მიღებული. ამ ლოგიკით თუ ვხელმძღვანელობთ, მათ შორის სხვა საარჩევნო თემებზე და სხვა საარჩევნო კანონპროექტებზე, ზუსტად იგივე ლოგიკა უნდა იყოს გადმოტანილი.

იმის გათვალისწინებით, როგორც ბევრჯერ გიქნიათ, ალბათ ახლაც ასე იზამთ, ძალიან მარტივად, ერთი ხელის მოსმით მერე ჩააგდებთ. ბუნებრივია, ეს თქვენი პრეროგატივაა, მაგრამ უარის თქმა დაჩქარებულ განხილვაზე, როცა ყველა არგუმენტი არსებობს, რატომ უნდა იყოს დაჩქარებული, ჩემი აზრით, მიზანშეუწელია“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძემ ისაუბრა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებითაც.

„ბატონი არჩილი გუშინ შემპირდა, რომ გამომიგზავნიდა მიმდინარე დრაფტს, რომელიც მართლა გამომიგზავნეს. ბატონო არჩილ, აქვე მინდა გკითხოთ ის მიმდინარე დრაფტი ბოლოა ამ მომენტისთვის? არა ხომ? იმის მერე კიდევ შეიცვალა. დღეს კომიტეტი უნდა ყოფილიყო 11:00 საათზე, დაჩქარებული წესით უმნიშვნელოვანეს სფეროსთან დაკავშირებული ცვლილებები ყოფილიყო განხილული და გადაიდო, რადგან ბოლო ტექსტი არ არსებობს.

მაინც აპირებთ ხომ იმის დაჩქარებული წესით განხილვას? ანუ, კანონპროეტის, რომელზეც არც კონსენსუსი არსებობს სფეროს წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, ოპერატორებს შორის, მათ შორის ამათი თანხმობა არ არის მარეგულირებელთან. მაინც აპირებთ გააგრძელოთ დაჩქარებული წესით, მიცემული გაქვთ მწვანე შუქი და აქ კონკრეტული კანონპროექტია, რომელიც ლოგიკურად არის დასაბუთებული, რატომ უნდა იყოს ახლა განხილული. ამაზე უარს ამბობთ? ძალიან მარტივია ჩემი აზრით კონტრასტი“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ჩაგდებაზე კაპანაძის მხრიდან საუბარი, სასაცილოა.

„ბატონო სერგი, რაღაც ახალი სტილი გაქვთ, კითხვებსაც თქვენ რომ სვამთ და ჩემ პასუხებსაც თქვენ რომ პასუხობთ. კი, ხო, არა – ეს არ არის ლოგიკა. ასე მარტივად არ არის საქმე როგორც საზოგადოებას წარმოუდგენთ. თქვენ რომ საუბრობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს როგორც წესი ჩააგდებთო, თვითონ ეს არის ძალიან სასაცილო ამბავი, თან ამას სერიოზული სახით რომ გველაპარაკებით.

თქვენ მაგას როგორ გვეუბნებით, როდესაც თქვენ ხართ იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირეთ და საარჩევნო კოდექსის კენჭისყრაზე საერთოდ არ შემოხვედით.

დღეს აქ ბიუროზე მოდიხართ და ნიშნისმოგებით მე მელაპარაკებით, რომ ჩვენ, როგორც წესი ვაგდებთ? როგორც წესი თქვენი წესია, რომ ხალხს ეუბნებოდით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებიო, ქვეყნის დემოკრატია ამაზე არის დამოკიდებულიო და მერე ეუბნებოდით, უკაცრავად, კენჭისყრაზე ჩვენ ვერ შევალთ და მხარს არ ვუჭერთო. ამის მერე აქეთ გველაპარაკებით ამ საკითხზე, ელემენტარულად ეს არის ნაცრის თვალებში შეყრა ადამიანებისთვის“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.