არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არასამთავრობოებთან საარჩევნო კანონმდებლობაზე ონლაინკონსულტაციები გამართა
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არასამთავრობოებთან საარჩევნო კანონმდებლობაზე ონლაინკონსულტაციები გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის​ (ODIHR) რეკომენდაციები და საარჩევნო კოდექსში მასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს.

„განხილვის საგანი იყო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხები, საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპები, მეორე ტურთან დაკავშირებული რეგულაციები და სხვა საკითხები“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებთან დაკავშირებით კონსულტაციები და სამუშაო პროცესი გრძელდება, რის შედეგადაც მომზადდება ცვლილებების პაკეტი პარლამენტში ინიცირებისთვის და უფრო ფართო განხილვისთვის.

„საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.