არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - ირაკლი კობახიძის ვიზიტისას, ბრიუსელიდან პირდაპირ გითხრეს, რომ საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - ირაკლი კობახიძის ვიზიტისას, ბრიუსელიდან პირდაპირ გითხრეს, რომ საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ემიგრაციასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლისა და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოუდგენელი დეზინფორმაცია მოისმინეს.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია გაღიზიანებულია, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე.

„დღეს წარმოუდგენელი მოცულობის დეზინფორმაცია მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან. „სტრატეგია“ და სხვა ოპოზიციონერები პირდაპირ ნიანგის ცრემლებით საუბრობდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რატომ არის ოპოზიცია ასე გაღიზიანებული და აგრესიული საგარეო საქმეთა სამინისტროს და, ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ. გაღიზიანებულია, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია, პრაქტიკულად, არცერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. პირიქით, ამ ადამიანებმა დაასამარეს საქართველოში ყველაფერი ევროპული – კანონის უზენაესობაც, ადამიანის უფლებებიც და თავისუფალი მედიაც. დაატერორეს ეკონომიკა და ფეხქვეშ გათელეს საკუთრების უფლება. ამის გარეშე ევროპა არ არსებობს.

თქვენ დღეს გაღიზიანებული ზართ საგარეო საქმეთა სამინისტროზე, საგარეო პოლიტიკაზე, რადგან სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო აღიარებული წარმატებების მოღწევა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს იყო ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი, რომელიც ახლა მიიღო ქვეყანამ.

ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს ბრიუსელიდან მსოფლიო დონის პოლიტიკოსებმა, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებმა პირდაპირ გითხრეს, გაგცეს ის პასუხი, რასაც ჩვენ გეუბნებოდით წლების განმავლობაში, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, საქართველოს რეფორმები არის ევროპული რეფორმები და საქართველო დღეს არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი და თანამედროვე სახელმწიფო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენს პერიოდს არც კი ვადარებთ, რადგან მაშინ საერთოდ შორს იყო თქვენი ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისგან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას დიდი მხარდაჭერის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

„არ ვიცი, რატომ გგონიათ, რომ ქვეყნის გარეთ მიიღებთ უფრო მეტ მხარდაჭერას და საერთოდ რაიმე მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით უკვე 15%-ზე ხართ დასული და ისიც აგურ-აგურ გააქვთ 15%-იანი დაშლილი თქვენი პოლიტიკური ბანაკიდან მელიას და გვარამიას და ცალკე აკეთებენ ერთპროცენტიან შპს-ებს. არ ვიცი, რისი იმედი გაქვთ, როდესაც სტიქიების დროს არ ჩასულხართ არც რაჭაში და არც გურიაში. ხალხის გვერდით არ მდგარხართ არცერთ რთულ მომენტში. მეტიც, თქვენ იდექით საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ, როდესაც საქართველოს უნდა მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უნდა მიეღო ეკონომიკური, პოლიტიკური მხარდაჭერა. ამ დროს თქვენ იდექით საქართველოს წინააღმდეგ, ფულს იხდიდით საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.