არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - გიორგი გახარია ყველა რთულ სიტუაციაში არის იქ, სადაც საზოგადოებას სჭირდება, თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც დაჯავშნილი მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს ასეთ ოპერაციებს
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა - გიორგი გახარია ყველა რთულ სიტუაციაში არის იქ, სადაც საზოგადოებას სჭირდება, თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც დაჯავშნილი მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს ასეთ ოპერაციებს

გიორგი გახარია ყველა რთულ სიტუაციაში არის იქ, სადაც საზოგადოებას სჭირდება, თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც დაჯავშნილი მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს ასეთ ოპერაციებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოსმენაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

„კრიზისების მოგვარება დაუწუნა გახარიას ბატონმა რომანმა. ერთი კრიზისი გამახსენეთ თქვენი ხელისუფლების საქმიანობიდან, რომელიც ნორმალურად მოაგვარეთ, სადაც თქვენი მინისტრი ჩასული იყო და ხალხს ელაპარაკებოდა. მაჩვენეთ ერთი მოგვარებული კრიზისი თქვენი ხელისუფლების პირობებში და მერე გექნებათ უფლება, ვინმეს რომ დაუწუნოთ კრიზისების მართვა. რაც შეეხება ბატონ გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პანკისის საპოლიციო მოქმედებები იყო ზუსტად დაცვაზე ორიენტირებული საპოლიციო მოქმედება. ამიტომ, კრიზისების მოგვარებაზე როცა საუბრობთ, თქვენ ნამდვილად არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ვინმეს დაუწუნოთ კრიზისების მართვა, მით უმეტეს, ადამიანს, რომელიც ყველა რთულ სიტუაციაში პირადად არის იქ, სადაც საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება და სადაც სალაპარაკოა ხალხთან. თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც დაჯავშნილი მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს ასეთ ოპერაციებს და თქვენი კრიზისების მოგვარება როგორ მთავრდებოდა, ეს კარგად გვახსოვს – ტროტუარზე დაყრილი, დასისხლიანებული მოქალაქეებით. აღარ მინდა, კიდევ შეგახსენოთ ის, რაც თქვენ თვითონ არ დაგვიწყებიათ და გაკომპლექსებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას და განაცხადა, რომ დეპუტატი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

„ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა, ვუთხრა – რა მაგალითი უნდა აიღოს თქვენგან საზოგადოებამ ან როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ თქვენ მართლა კანონების დაცვა გაინტერესებთ, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო და საკონსტიტუციო პრინციპს, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას, თქვენ თვითონ არღვევთ ჩვენს თვალწინ – სხვა რა ჰქვია, როდესაც თქვენს კოლეგას, ენზელ მკოიანს, უკვე მერამდენედ, მანტრასავით უმეორებთ, თქვენ დაარბიეთ ადამიანებიო. ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ არც საქმეში, არც სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ამ ადამიანს არანაირი ბრალი არ აქვს დადასტურებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რიკოთთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„მინდა, რიკოთზე ვუპასუხო კანდელაკს – რიკოთთან დაკავშირებით თქვა, 2011 წელს შევათანხმეთო, ყველაფერი გაფორმებული იყო და უნდა დაწყებულიყოო. 2016 წელს გაფორმდა ეს ხელშეკრულება, 2017 წლიდან მოლაპარაკებები იყო დასრულებული და 2021-2022 წლებში უნდა დასრულდეს ეს მონაკვეთი. ეს საზოგადოებამ იცის და საერთოდ არ ემთხვევა თქვენს ქრონოლოგიას. რა შეცდომაში შეგყავთ საზოგადოება. დაწყებულია უკვე რიკოთის პროექტზე მოსამზადებელი სამუშაოები და დასრულდება იმ დროს, როგორც ითქვა წინასწარ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა და სწორედ იმ პერიოდში გაჟონა.

პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით – ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თუ ერკვევით, უნდა გესმოდეთ, რომ რაც თქვენ შექმენით, რა ჩანაწერებიც თქვენ შექმენით, ათასობით, ადამიანებს რომ უთვალთვალებდით, სად იყავით მათ პირად ცხოვრებაში ყველგან, საძინებლებიდან დაწყებული, კაბინეტებში დამთავრებული, ის ჩანაწერები რომ ჩაწერეთ უკანონოდ, სად ინახავდით, ვის გადასცემდით ტელეფონებით და კასრებში ბოლოს როგორ აძველებდით სავარგულივით, თქვენ მართლა გგონიათ, რომ ხალხს მოატყუებთ, რომ ეს ჩანაწერები ზუსტად მაგ დროს არ არის გაჟონილი, გადატანილი და გადანახული? თქვენ გგონიათ, რომ მართლა დისკებით, ჩვენ რომ გავანადგურეთ, ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევა იყო, მაგრამ თქვენს მხარეს რაც დარჩა, რაც თქვენ უკანონოდ შექმენით და გაავრცელეთ, გგონიათ, რომ ის ჩანაწერები გაქრა ბუნებიდან? სამარცხვინო ვირუსი შექმენით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას დიდხანს გაჰყვება სირცხვილად, მაგრამ ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა ყოველთვის, ვერასდროს ვერ გადმოგვაბრალებთ მაგ ჩანაწერების ამბავს და აქ ხმამაღლა განცხადებებს ნუღარ აკეთებთ ამ ჩანაწერების გავრცელებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საპოლიციო სერვისების ხარისხის გაზრდა კომპლექსური ამოცანაა.

„მინდა, შევეხო ასევე, მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება პოლიციის საქმიანობას, საპოლიციო სერვისების ხარისხს, რაზეც მინისტრი არაერთხელ აკეთებდა აქცენტს თავის გამოსვლებში. დიახ, ეს არის დღეს ამოცანა, რომ საპოლიციო სერვისების ხარისხი გაიზარდოს და ეს არის კომპლექსური ამოცანა. აქ საჭიროა ტექნოლოგიები, სამართლიანი ანაზღაურება, სოციალური პირობები და სწორი პოლიტიკის გატარება, რასაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიჰყვება თანმიმდევრულად“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.