არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო
არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს და კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის დღის წესრიგს შეეხო.

პრესსამსახურის ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევაში.

არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველოს პარლამენტსა და კონგრესს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობები. გვესმის საქართველოს მნიშვნელობა და გვესმის, თუ რაოდენ უნდა დავაჩქაროთ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებაში არსებული პრობლემების მოგვარება. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის გამოწვევა, რაც არის და ასევე, ის წარმატებები, რაც გვაქვს ურთიერთობებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვბრუნდებით ძალიან კარგი გზავნილებით.
ჩვენი ვიზიტის განმავლობაში ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დავბრუნდებით ბევრი წარმატებული ამბით. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც კონგრესმა მიიღო და ამის გათვალისწინებით, მოხარულები ვართ, რომ ძალიან კარგი ამბებით ვბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ადამ კინზინგერმა.