არჩილ თალაკვაძემ „მთავარის“ ჟურნალისტს მიმართა - სააკაშვილი დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომაც, უფრო სამართლიანი სასამართლო თუ იცით, უნდა მოიფიქროთ და საზოგადოებას აუხსნათ
არჩილ თალაკვაძემ „მთავარის“ ჟურნალისტს მიმართა - სააკაშვილი დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომაც, უფრო სამართლიანი სასამართლო თუ იცით, უნდა მოიფიქროთ და საზოგადოებას აუხსნათ

სააკაშვილი დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომაც, უფრო სამართლიანი სასამართლო თუ იცით, უნდა მოიფიქროთ და საზოგადოებას აუხსნათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის მსჯავრთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეზე რა გადაწყვეტილებაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, ის წერია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც.

თქვენს კითხვაში ოსტატურად გადაზილეთ ერთმანეთში – „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე რამდენიმე ევროპარლამენტარი და საერთაშორისო საზოგადოება. პრაქტიკულად, ტოლობის ნიშანი დამისვით იმაზე, რაზეც პასუხი უნდა გამეცა და ახლა მოისმინეთ – პროპაგანდისტური მედია და თქვენი საყვარელი რესპონდენტები აცხადებთ, რომ ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ გამოუტანს განაჩენს, არ ვეთანხმებით მის მსჯავრსო. მინდა, შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ორ საქმეზე იხდის მსჯავრს, ერთ-ერთია გირგვლიანის საქმე, სადაც არა მხოლოდ ეროვნულმა სასამართლომ, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი და მისი ქვემდებარე ყველა რგოლი, თანამდებობის პირი ერთ ხმაში, კოორდინირებულად იყვნენ ჩართული მოქალაქე სანდრო გირგვლიანის უფლებების დარღვევისა და მისი მიჩქმალვის საქმეში. ეს არის უმძიმესი განაჩენი, რომელიც ასევე თავის გადაწყვეტილებაში თქვა საქართველოს სასამართლომ და სააკაშვილი დაადანაშაულა ამ მძიმე დანაშაულში. თუ უფრო სამართლიანი სასამართლო იცით საერთაშორისო დონეზე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოა და უფრო სამართლიანი დონე, ვიდრე ქვეყანაში გახლავთ უზენაესი სასამართლო, მაშინ, უნდა მოიფიქროთ და საზოგადოებას აუხსნათ. რაც თქვა სტრასბურგის სასამართლომ, ის წერია, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.