არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძეს სთხოვა, კანონპროექტის განხილვის დროს, პირბადეების ფასთან დაკავშირებით პარლამენტს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს
არჩილ თალაკვაძემ დიმიტრი ხუნდაძეს სთხოვა, კანონპროექტის განხილვის დროს, პირბადეების ფასთან დაკავშირებით პარლამენტს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, თუ საუბარია ერთჯერადი პირბადეების სწორად გამოყენებაზე, არსებობს შეზღუდული დროით ეფექტურობის ნიშნული და ბაზარზე პირბადეების ღირებულება იმდენად გაძვირებულია, რომ ყოველდღიურად, თუნდაც ერთი პირბადის შეძენა ადამიანს თვეში 21 ლარი დაუჯდება.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს შესაძლოა, ფინანსური ბარიერი იყოს.

„იქნებ ასევე იყოს მოფიქრებული სუბსიდია, დამატებითი დახმარება ან მიწოდება. მრავალჯერადი პირბადეებიც არის ასევე ალტერნატივა, მაგრამ უნდა იყოს მკაცრად დაცული მრავალჯერადი პირბადეების მოხმარების წესი. ამიტომ ამ დეტალების გარეშე რთული იქნება მხარდაჭერა. ამდენად, გთხოვთ, რომ ეს ყველაფერი იყოს განხილული“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უდავოდ ძალიან საქმიანი ნიუანსებია და მათი ნაწილი უკვე კანონქვემდებარე აქტში და მთავრობის აქტებში უნდა იყოს გაწერილი, ვინადან პარლამენტი ვერ გაწერს, კონკრეტულად რა ტიპის პირბადეები უნდა იყოს გამოყენებული.

„თუმცა, მართალია, რომ პირბადის სტანდარტს აქვს დიდი მნიშვნელობა, ასევე ისიც მართალია, რომ ერთი პირბადე 3-4 საათის განმავლობაში არის აქტიური და მას აქვს დამცავი შედეგი სწორედ ამ პერიოდში. ამ რეგულაციებით ჩვენ არ შემოგვაქვს ვალდებულება, რომ მოქალაქეს დილიდან საღამომდე ეკეთოს პირბადე, როგორც სამწუხაროდ ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი ცდილობდა ამ კვირის განმავლობაში ინტერპრეტაციას. საკითხი ეხება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ასევე ისეთ დახურულ სივრცეებს, სადაც კონტაქტების მაღალი რაოდენობა გენერირდება დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას,რომ მოქალაქემ, რა თქმა უნდა, შესაბამისად შეიძლება, რომ პირბადეები რომელსაც შეიძენს, გამოიყენოს ზუსტად ამ ადგილებში და დაზოგოს მისი გამოყენებაც. ბუნებრივია, არ არის აუცილებელი, რომ ქუჩაში, ღია სივრცეში გამოიყენოს. ეს ვალდებულება არ შემოდის ამ პროექტით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება პირბადეების ფასსა და ხელმისაწვდომობას, თალაკვაძის თქმით, ვინაიდან ქვეყნებს ჰქონდათ შეზღუდვები ექსპორტზე, ეკონომიკის სამინისტრომ, ხელისუფლებამ, ძალიან ბევრი გააკეთა, რათა ეროვნული წარმოება დროულად დაწყებულიყო.

„ამიტომ, ბუნებრივია, შესყიდვის პრობლემებიც იყო, რაც საქართველომ ძალიან სწრაფად მოაგვარა, ეკონომიკის სამინისტრომ და მთავრობამ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად გადადგა ნაბიჯები. დღეს საქართველოში ხდება ბევრად მეტი პირბადის წარმოება, ვიდრე წინა პერიოდში ოდესმე და აქ, რა თქმა უნდა, ფასების საკითხიც იქნება საინტერესო. იქნება საინტერესო ისიც, თუ შემდგომში რა ნაბიჯებია დაგეგმილი, რომ ეს წარმოება იყოს მხარდაჭერილი. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ რასაკვირველია, როცა განხილვები იქნება, განსაკუთრებით ბატონ დიმიტრის ვთხოვ, ვინაიდან ის მონაწილეობს საბჭოს სხდომებში, რომ ამაზე დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.