არჩილ თალაკვაძე - ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის დაკავებამ დაადასტურა, რომ კანონის უზენაესობა „ქართული ოცნებისთვის“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი
არჩილ თალაკვაძე - ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის დაკავებამ დაადასტურა, რომ კანონის უზენაესობა „ქართული ოცნებისთვის“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი

ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის დაკავებამ დაადასტურა, რომ კანონის უზენაესობა „ქართული ოცნებისთვის“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ამ ფაქტს არჩევნებს უკავშირებს.

„ოპოზიციამ ჯობს თავის შტაბებს მიხედოს. ამ საკითხზე გამოძიება იყო დაწყებული ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიამდე. საზოგადოებას უთხრა საგამოძიებო სტრუქტურებმა ღიად, თუ რა შეკითხვები არსებობდა და გამოძიება ყველა საჭირო სტანდარტისა და კანონმდებლობის თანახმად მიმდინარეობდა. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, რომელიც აქ იყო მიღებული, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო პროცესთან, ეს არის გადაწყვეტილებები, რასაც ყველა დემოკრატიულ ხელისუფლებას ავალდებულებს კანონმდებლობა და ვფიქრობ, როდესაც საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს და გამოძიებას, აქ საარჩევნო კამპანია ვერანაირ ცვლილებებს ვერ უნდა ახდენდეს და ვერც ახდენს.

მინდა, მწუხარება გამოვთქვა და ჩვენთვის ძალიან გულსატკენია, რომ ჩვენი თანაგუნდელები აღმოჩნდნენ ამ პოზიციაში. ჩვენ ყველანაირ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენი თანაგუნდელების ოჯახებს, სანამ ეს პროცესი დასრულდება და საბოლოოდ, სასამართლო იტყვის თავის გადაწყვეტილებას.

ამ ფაქტმაც დაადასტურა, რომ კანონის უზენაესობა „ქართული ოცნებისთვის“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა გუშინ დააკავეს.