არჩილ თალაკვაძე - ყველას ექნება საშუალება, დაცვის უფლებით ისარგებლოს, თუ არის მართალი, თავის სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში
არჩილ თალაკვაძე - ყველას ექნება საშუალება, დაცვის უფლებით ისარგებლოს, თუ არის მართალი, თავის სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში

ყველას ექნება საშუალება, რომ დაცვის უფლებით ისარგებლოს და თუ არის მართალი, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და საზოგადოებას არ სურს ნახოს, რომ მის კონსტიტუციურ წესრიგზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და პარლამენტზე არის ძალადობრივი შეტევა.

„საზოგადოება თვალს ადევნებდა პრაქტიკულად მთელი კვირის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვის ხელში იყო ქვეყანა მათი ხელისუფლების დროს და როგორ იმართებოდა, როგორ სცემდნენ ისინი პატივს კანონებს და როგორ სცემდნენ პატივს ადამიანებს. ამ ადამიანის კომენტარებში რეალურად გამოჩნდა, თუ რა მიდგომა ჰქონდათ მათ ბიზნესთან, ბიუჯეტთან, მედიასთან და როგორი წესებით მართავდნენ ქვეყანას. ეს ერთი მხრივ, არის ღიმილისმომგვრელი დღეს, მაგრამ მაშინ ამაზე ძალიან ბევრ ადამიანს არ ეღიმებოდა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა სამწუხაროდ უარესობისკენ, სწორედ ასეთი მიდგომის გამო.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას და ბრალს, რომელიც მას აქვს წაყენებული, ჩვენს ქვეყანაში არის კანონის უზენაესობის. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას. სამწუხაროა, როგორც განვითარდა მოვლენები 20 ივნისის დროს და შემდეგ დღეებში. მსოფლიოში არც ერთი დემოკრატიულ სახელმწიფოს და მის საზოგადოებას არ სურს ნახოს, რომ მის კონსტიტუციურ წესრიგზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და პარლამენტზე არის ძალადობრივი შეტევა. ვინც ამაში მონაწილეობდა, ვინც ამას აორგანიზებდა და ეს დაუდასტურდება სასამართლოში ბუნებრივია, ის პასუხისმგებელი იქნება კანონის წინაშე. ყველას ექნება საშუალება, დაცვის უფლებით ისარგებლოს, თუ არის მართალი, თავის სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.