არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედიას საპარლამენტო პროცესების გაშუქების სრული შესაძლებლობა ჰქონდეს
არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედიას საპარლამენტო პროცესების გაშუქების სრული შესაძლებლობა ჰქონდეს

მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენი თანამშრომლები, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედიას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, გააშუქოს საპარლამენტო პროცესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როცა შესვენების გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტებს დარბაზში გაჩერების საშუალებას მანდატურები არ აძლევდნენ.

თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მედიის უსაფრთხოება დღესაც მაქსიმალურად იქნება დაცული.

პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ შესაბამისი სამსახურების მიერ მათთვის მიცემული რეკომენდაციები.

„თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დღესაც იქნება დაცული. გთხოვთ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, რაც იქნება შესაბამისი სამსახურების მიერ მოცემული თქვენთვის, ვინაიდან არ ვართ ამ წუთას სტანდარტულ სიტუაციაში. როგორც კი აღდგება სხდომა და განახლდება საქმიანობა, ეს იქნება შესვენების შემდეგ, თქვენ გექნებათ სრული შესაძლებლობა, გააშუქოთ პარლამენტის სხდომა, მათ შორის კენჭისყრის პროცესი.

მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად იმუშაონ პარლამენტში. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირების გამო მედიას ხელი ეშლება ხოლმე საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ გეუბნებით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა სამსახური, ვინც აქ პასუხისმგებელია მედიასთან ურთიერთობაზე, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად იმუშაონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა იყო დაძაბული, ოპონენტებს შორის დაპირისპირებისას კი ხელი შეეშალათ საქმიანობაში კომიტეტის წევრებსაც და მედიასაც.

„თუმცა კარგია, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ შეძლო სხდომის გაგრძელება, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებდა და სხდომა დაასრულა ისე, როგორც ამას პარლამენტში დადგენილი წესები გულისხმობს. კომიტეტმა დღეს ჩაატარა სხდომა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, როგორც კომიტეტის წევრები ფიქრობდნენ. როგორც ნახეთ, რეალურად კომიტეტმა მხარი დაუჭირა 12 ახალ კანდიდატურას უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად და ორ კანდიდატურას დამატებით, რომლებიც არიან მოქმედი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოსი. ეს არის პრაქტიკულად ნახევარი იმ ვაკანსიების,რადგან ოთხ ადამიანს, მოქმედ მოსამართლეს გასდის ვადა უზენაეს სასამართლოში, შესაბამისად, სავარაუდოდ, შემდეგ პარლამენტს უკვე დარჩება მეორე ნახევარი ვაკანსიებისა უზენაეს სასამართლოში. მინდა, რომ ყურადღება გაამახვილოთ ამაზე, რადგან რაოდენობაზეც იყო საუბარი წინა განხილვების დროს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი