არჩილ თალაკვაძე - ყველა რეკომენდაცია, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, სრულდება თანმიმდევრულად, ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმით
არჩილ თალაკვაძე - ყველა რეკომენდაცია, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, სრულდება თანმიმდევრულად, ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმით

ყველა ის რეკომენდაცია, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და სახელისუფლებო გუნდს პარლამენტში, სრულდება თანმიმდევრულად იმ გეგმით, რომელიც გამოვაცხადეთ და შეთანხმებული გვქონდა ევროკავშირთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, დღესდღეობით რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას და უმოკლეს ვადებში ეს სამუშაო მთლიანად დასრულდება.

„რასაკვირველია, არის მცდელობები, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამას ხელი შეუშალოს. ვნახეთ, ეს იყო კენჭისყრების ჩაგდება, ეს იყო აქტიური ლობირება თვითონ ევროკავშირში, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი და მიმართულია სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არაა ხელისუფლების ოპოზიცია, არამედ არის საქართველოს, საკუთარი ქვეყნის ოპოზიცია. ბუნებრივია, ეს ხელს უშლის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, თუმცა ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ჩვენს მხარეს არ დავტოვებთ არცერთ მიზეზს, რაც შეიძლება, გადაწყვეტილების კიდევ გადავადების საფუძველი გახდეს.

ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მხრიდან რაც არის, ყველაფერი გაკეთდება და ჯერი არის ევროკავშირზე. ევროკავშირმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაყოვნების გარეშე გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნა. მინდა, გითხრათ, რომ დღესდღეობით რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი არის შესრულებული, განვაგრძობთ მუშაობას და უმოკლეს ვადებში ეს სამუშაო მთლიანად იქნება დასრულებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.