არჩილ თალაკვაძე - ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იქეთკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შევთანხმდეთ, შემდეგი დიალოგი, სავარაუდოდ, მალე დაინიშნება
არჩილ თალაკვაძე - ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იქეთკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შევთანხმდეთ, შემდეგი დიალოგი, სავარაუდოდ, მალე დაინიშნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დიპლომატების, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის შემდეგ დიალოგის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაქსიმუმს გააკეთებს, რათა სამართლიან პრინციპებზე შეთანხმდნენ.

არჩილ თალაკვაძემ მედიასთან მოლაპარაკების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, ყველა დეტალი ცნობილი გახდება, როგორც კი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდეგი დიალოგი დაინიშნება.

თალაკვაძე ვარაუდობს, რომ ეს მოკლე პერიოდში მოხდება.

„ამ საუზმემ, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს, რათა ჩვენ მათი თანდასწრებით კიდევ ერთხელ გვესაუბრა მთავარ საკითხებზე, ძალიან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის არსებულ კომუნიკაციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იქეთკენ, რომ ჩვენ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები ერთმანეთთან შევათანხმოთ. ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ სამართლიან პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება. დღეს, რა თქმა უნდა, დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ აუცილებლად გპირდებით, რომ ყველა დეტალი და მოლაპარაკების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის იქნება ცნობილი, როგორც კი შემდეგი დიალოგი დაინიშნება, რაც, სავარაუდოდ, ძალიან მოკლე დროში მოხდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, დათმობაზე წასვლას არ აპირებდით, ახლა მიდიხართ, თალაკვაძემ ასე უპასუხა: „დეტალებზე დღეს არ ვისაუბრებ. არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ, რომელიც ამ რიცხვებს უკვე მეორე ხარისხოვანს ხდის. ასე რომ, დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ. ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იქეთკენ, რომ მთავარ პრონციპებზე შეთანხმება მოხდეს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი, „პატრიორტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა.

შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.