არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, პარლამენტის რეზოლუციას დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „უპრიანი და მიზანშეწონილი იქნება, პარლამენტის რეზოლუციაში გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გვერდით იყოს დავით ბაშარულის შემთხვევაც“.
არჩილ თალაკვაძემ ასევე კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა „მკვლელობა“ შეიცვალოს ჩანაწერით – „სიცოცხლის ხელყოფა“.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.
საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას აღნიშნულ ვალდებულებას არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტით აკისრებს, რომელსაც დეპუტატები კენჭს 21 მარტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
რეზოლუციის პროექტი საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს. კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა.