არჩილ თალაკვაძე - საჯაროდ ვინც განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, მათ შევახსენებ, რომ ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები
არჩილ თალაკვაძე - საჯაროდ ვინც განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, მათ შევახსენებ, რომ ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები

ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, მინდა მათ შევახსენო, რომ ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე დააანონსა საარჩევნო რეფორმა და ნებისმიერ ოპოზიციონერს შეუძლია, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთოს.

„ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ბუნებრივი ბარიერით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში შემოვლენ პარლამენტში, მინდა მათ კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა არჩევნები, მათ გადალახეს ზღვარი, შესაბამისად, თუ შემოსვლა უნდათ ბუნებრივი ბარიერის შედეგად, მათ შეუძლიათ, შემობრძანდნენ პარლამენტში. მეორე, რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ჩვენ ეს რეფორმა უკვე დაანონსებული გვაქვს, სამუშაო ჯგუფი არსებობს. რომელიმე ოპოზიციონერი თუ შემოუერთდება ამ პროცესს, მხოლოდ მივესალმებით.

მარტში მათ თქვეს იგივე, რომ ბუნებრივი ბარიერით თუ ჩატარდებოდა არჩევნები, არსებითად პროპორციული სისტემით, შევიდოდნენ პარლამენტში. რატომ არ შეასრულეს ეს პირობა? რატომ არ არიან დღეს ისინი პარლამენტში და რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ახლა შეასრულებენ პირობას? ჩემთვის ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ თუ ვინმეს სურს პარლამენტში შემოსვლა და აქვს ამის მანდატი, მე მხოლოდ მივესალმები. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. შემობრძანდნენ. ამ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა, ხალხმა მხარი დაუჭირა ქალთა გაზრდილ მონაწილეობას საპარლამენტო პოლიტიკაში. შესაბამისად, თუ შემოვლენ ეს ქალი პოლიტიკოსები „რესპუბლიკური პარტიიდან“, მე მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.