არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას
არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეკლესიის ავტოკეფალია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიას საუბარი ექნება უკრაინის ეკლესიასთან, ისევე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს – უკრაინის სახელმწიფოსთან.

„დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებაში, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომა გასული წლის 27 დეკემბერს გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს,  27 დეკემბრის სხდომაზე უკრაინის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.