არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მივიღებთ ისეთ დადგენილებას, რომელიც მოემსახურება ბავშვების, მოზარდების უსაფრთხოებას 
არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მივიღებთ ისეთ დადგენილებას, რომელიც მოემსახურება ბავშვების, მოზარდების უსაფრთხოებას 

ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური ძალები მოვახერხებთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ინტერესები და პლენარულ სხდომაზე მივიღოთ ისეთი დადგენილება, რომელიც მოემსახურება რეალურად ბავშვების, მოზარდების უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არსებითი სიახლე ოპოზიციამ კომისიის ფარგლებში ვერ დაადგინა, სამაგიეროდ სცადეს და ანგარიშში დიდი დოზით მოათავსეს ვანო მერაბიშვილის საკითხი, პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც მინისტრების გადაყენებას ეხება.

„მესმის ამ ოჯახების, ძალიან დიდი დანაკარგი განიცადეს და მესმის იმ ემოციების, რაც მშობლებს აქვთ. ჩვენ შეგვეძლო ორი რამის გაკეთება – პირველი, რომ სხვა ბავშვები, სხვა ოჯახები მომავალში იყვენენ დაცული ასეთი ტრაგედიისა და მსგავსი საფრთხეებისგან. მეორე – მივეცით საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ოპოზიციას და „ევროპულ საქართველოს“, რათა მათ დაედგინათ, ხომ არ არის სახელმწიფო სიმართლისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ ამ საქმეში, სადაც ერთი ადამიანი მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული, მეორე მკვლელობის მცდელობისთვის, ათეულობით ადამიანი პასუხისგებლობაშია მიცემული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნის საკითხზე უთანხმოება გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მიერ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებამ.

„ვფიქრობ, მათ არ გასცეს პასუხისმგებლიანი პასუხი, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას და მშობლებს. ჩვენ დავადგინეთ კონკრეტული ხარვეზები გამოძიების პროცესში, რაც ვფიქრობ, შესაძლოა, აისახა მტკიცებულებების ხარისხზე. ასევე ვთვლით, რომ იყო კომუნიკაციის პრობლემა, როგორც დაზარალებულთან, ასევე საზოგადოებასთან. ჩვენი შეფასებები გვსურს, რომ აისახოს პარლამენტის დადგენილებამ. რაც შეეხება უთანხმოებას, უთანხმოება გამოიწვია იმან, რომ საბოლოო პროექტში „ევროპულმა საქართველომ“ ჩაწერა პოლიტიკური მოთხოვნები და ამის გამო, ჩვენ ვერ შევთანხმდით კომისიის საბოლოო შედეგებზე. მე იმედს ვიტოვებ, რომ სიმართლისთვის, იმისათვის, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს, პოლიტიკური ძალები მოვახერხებთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ინტერესები და პლენარულ სხდომაზე მივიღოთ ისეთი დადგენილება, რომელიც მოემსახურება რეალურად ბავშვების, მოზარდების უსაფრთხოებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.