არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა
არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა

არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ირაკლი შოთაძის საქმიანობის დროს საზოგადოებას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე ახსოვს, რომელიც გამოძიებული იყო ეფექტურად და დროულად.

„იყო კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე. იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და საქმეები, სადაც საზოგადოების ინტერესი მაღალი გახლდათ. ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები, ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები, არაერთი დანაშაული, ნარკოტრეფიკინგის შემთხვევები, სადაც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით ამ საქმეებს ჩემი აზრით, ეფექტურად ახორციელებდა, ებრძოდა ამ დანაშაულს. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი. სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემაც მაშინ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.