არჩილ თალაკვაძე - ფრენები რუსეთთან აუცილებლად უნდა აღდგეს და ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მსოფლიო ბაზრებში ინტეგრაცია
არჩილ თალაკვაძე - ფრენები რუსეთთან აუცილებლად უნდა აღდგეს და ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მსოფლიო ბაზრებში ინტეგრაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ის რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა, პოზიტიურს უწოდებს.

თალაკვაძის თქმით, ფრენები აუცილებლად უნდა აღდგეს, ასევე საქართველომ უნდა გააგრძელოს მსოფლიო ბაზრებში ინტეგრაცია.

„მე ვფიქრობ, თვითონ განცხადება პოზიტიურია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის სწორი პოლიტიკა, სწორია, რომ პროვოკაციაზე არ ვაკეთებთ ემოციურ პასუხებს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას. ვფიქრობ, მომავალშიც ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება სწორად აწონ-დაწონილი, რომელიც იქნება ეროვნულ ინტერესებთან თანხმობაში, რომელიც იქნება პრაგმატული და პასუხისმგებლიანი, გამოიღებს ყოველთვის დადებით შედეგს. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა ავყვეთ არც ერთ პროვოკაციას და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, რომ საქართველო რამე ახალ პროვოკაციაში იყოს ჩათრეული. ეს არ მოხდება, ეს ვერ მოხდება, ჩვენი მხრიდან რამე შეცდომის დაშვება ამ კუთხით არის გამორიცხული.

ვფიქრობ, ფრენები აუცილებლად უნდა აღდგეს და ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მსოფლიო ბაზრებში ინტეგრაცია და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხადოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.