არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვერ გადავცემთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მაგრამ იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ დომინანტი გავლენა მმართველ პარტიას ჰქონდეს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას ვერ გადავცემთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მაგრამ იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ დომინანტი გავლენა მმართველ პარტიას ჰქონდეს

საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე ჯერ ვერ თანხმდებიან.

ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ყურადღება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე გაამახვილა.

თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ეუთო-ს რეკომენდაცია მეტწილად დააკმაყოფილა, სადაც რჩევა იყო, რომ უნდა გაუმჯობესდეს ბალანსი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.

„ჩვენ ეს კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთ და ოპოზიციას წარმომადგენლობა გავუზარდეთ. ამ გზით საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას უნდა მივაღწიოთ. ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა ექნება არჩევნებში მონაწილე თითოეულ მხარეს, ასევე დამოკიდებულია კვლევებზეც. დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციას სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, რაც იმით არის განპირობებული, რომ როგორც წესი, ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული კვლევები ძალიან ახლოს არის, ან ემთხვევა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დათვლილ შედეგებს და ეს განაპირობებს ძირითადად ნდობასა და იმ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოებაში არის.

ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ოპოზიციას გადავცეთ მართვაში საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ საარჩევო ადმინისტრაციაში დომინანტი გავლენა მმართველ პარტიას ჰქონდეს. შეთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს ეუთო-ს მიერ გაცემულ რეკომენდაციას დიდწილად აკმაყოფილებს“, – აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღეც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.

„ეს არის მეორე ტურთან დაკავშირებული რეკომენდაციები. შემდეგი საკითხი იყო სიძულვილის ენა და მისი დარეგულირება. გახსოვთ, ამ საკითხზე გარკვეული წუხილი სამოქალაქო საზოგადოებას და პარტიების ნაწილს ჰქონდათ. ძირითად ჩარჩოზე შევთანხმდით”, – დასძინა თალაკვაძემ.