არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სერიოზულად მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ამასთან დაკავშირებით არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება
არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სერიოზულად მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ამასთან დაკავშირებით არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება

საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ბევრად უფრო ევროპული სასამართლო, ვიდრე ჰქონდა ათი წლის წინ. ეს ვერ მოხდებოდა, რომ არ გატარებულიყო რეფორმები ჩვენი ხელისუფლების მხარდაჭერით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროგრესი შენარჩუნდეს.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საერთო სასამართლოების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სერიოზულად მოეკიდებიან და თითოეულ რეკომენდაციას განიხილავენ.

„დღეს სასამართლო სისტემა რომ შეუდარებლად დამოუკიდებელია, ეს ჩანს ყველა მონაცემში, როგორც საერთაშორისო ინდიკატებში, ასევე მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, დაადასტურა სტრასბურგმა. ასეთი არაერთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, მაგრამ შემდეგ სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს ბოდიში არ მოუხდია. ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი, მოხდეს მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია, ასევე, არ დავუშვათ სასამართლო სისტემაში რაიმე ტიპის პოლიტიკური ჩარევა, რისი მცდელობებიც ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. როგორც ყოველთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ამასთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრება გამოაქვეყნა.