არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება სწრაფად დასრულდება და პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა
არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება სწრაფად დასრულდება და პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა

ველოდებით, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება სწრაფად დასრულდება და პასუხისგებაში მიეცემა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და გამოავლინა არამხოლოდ ინფორმაციის სავარაუდო გამავრცელებლები, არამედ ის, ვინც ჩანაწერი ინტერნეტში ატვირთა.

„მადლობას ვუხდი შსს-სა და ჩვენს სამართალდამცველებს, რომლებმაც ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს, გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც სავარაუდოდ პირველმა ატვირთა ინტერნეტ წყაროებში. ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და ვინც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა პასუხისგებაში.

სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში ამგვარი საკითხებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ვინმეზე ზემოქმედების მცდელობა და მანიპულირება.

რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს, ქალბატონ ეკა ბესელიას, რომლის მიმართაც ამ შემთხვევაში განხორციელდა ეს უკანონო ქმედება და მოველით, რომ მართლმსაჯულება მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს, როდესაც სასამართლოში მოხდება ამ საქმის განხილვა. მსჯელობას ამ საკითხზე არ ველი, მაგრამ სავარაუდოდ განცხადებები გაკეთდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შსს-მ 1-ელ თებერვალს საღამოს დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ (youtube) ატვირთა.

მანამდე, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.