არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, როდესაც ლადო კახაძე შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას
არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, როდესაც ლადო კახაძე შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას

ველოდებით, როდესაც ლადო კახაძე შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურზე კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღეს არჩევნებში და განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც ვნახეთ, ძალიან ორგანიზებულად ჩაატარა კენჭისყრის პროცესი, უბნები დახურულია. დიდი ექსცესების გარეშე ჩაიარა კენჭისყრის პროცესმა. ყველა იმ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ყურადღება გამახვილდა, შესაბამისი რეაგირება მოხდა ან მოხდება. ამაზე მოვისმინეთ განცხადებები შსს-ს მხრიდანაც. ჩვენი დაკვირვებით და იმის გათვალისწინებით, რომ აქტივობა იყო მაღალი, დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. შესაბამისად, მინდა, მიულოცო ეს გამარჯვება. ველით, როდესაც იგი შემოუერთდება საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში. საბოლოო რიცხვებს აჯამებს საარჩევნო ადმინისტრაცია. დაველოდოთ შედეგებს და კონკრეტული რიცხვები გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.