არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, რომ ოპოზიცია სტატუს კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას
არჩილ თალაკვაძე - ველოდებით, რომ ოპოზიცია სტატუს კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას

ველოდებით, რომ ოპოზიცია სტატუს კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული სტატუს კვო შეიცვალა და პარლამენტში უკვე შევიდა ერთი ოპოზიციური პარტია.

მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოთქვამენ წუხილს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების გამო.

„მზად ვართ მოლაპარაკების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენგან მოლაპარაკების პროცესს აქვს უწყვეტი მხარდაჭერა. მსურს მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს. რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს. ხედავთ, რომ სტატუს კვო ნამდვილად არის შეცვლილი, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია შემოსულია და საქმიანობს. ასევე, ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არის არასწორი გადაწყვეტილება. ეს ნამდვილად ასეა, ვინაიდან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, ამის ბოიკოტირება წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის იდეასთან. ვფიქრობ, მეხუთე რაუნდამდე ამას არაერთი ოპოზიციური ლიდერი მეტად გააცნობიერებს.

ჩვენ მზად ვართ, იმ სამართლიანი წინადადებების განსახილველად დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც ეხება პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას. როგორც აღმოჩნდა, არჩევნების გაყალბების ბრალდება, რაც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, დღეს საფუძვლის გარეშე დარჩა და მეორე მხრივ, თითქოს ჩვენზე შანტაჟს ახდენდნენ იმით, რომ მხოლოდ ერთი პარტია იქნებოდა, დღეს ეს რეალობაც შეცვლილია. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ოპოზიცია უკვე სტატუს-კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას. თუმცა მე ამას არ ვამბობ ნიშნისმოგებით. ჩვენი სურვილია შეთანხმება. ჩვენ გვინდა, ოპოზიცია უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.